ალბათ უკვე ფიქრობთ, თუ რა კერძები მოამზადოთ საახალწლო სუფრისთვის? ვეცდებით დაგეხმაროთ და შემოგთავაზოთ ქართული სუფრისათვის არატრადიციული კერძები: სალათი–კოქტეილი კრევეტებისაგან, კომბინირეული ცივი საუზმე, იხვი შტოშით და ტორტი "ჩიტის რძე".
სალათი–კოქტეილი კრევეტებისაგან
აუცილებელი პროდუქტები: კონსერვირებული კრევეტები – 100 გრ, კიტრი – 200 გრ, ვაშლი – 70 გრ, სტაფილო – 70 გრ, მაიონეზი 200 გრ და ფორთოხალი – 1 ცალი.
პორციის რაოდენობა: 4; მომზადების დრო – 20 წუთი.
კონსერვირებული კრევეტები გამოიყენეთ წინასწარი დამუშავების გარეშე. გაყინული კრევეტები გაალხვეთ მშრალად(უწყლოდ) და გარეცხვის შემდეგ ხარშეთ ადუღებულ, მარილიან წყალში 3–4 წუთი. მოხარშულ კრევეტებს მოაშორეთ კისერზე ბაკანი და ძარღვი. რამდენიმე კრევეტი დატოვეთ გასაფორმებლად, ხოლო დანარჩენი დაჭერით.
კიტრი, ვაშლი და სტაფილო დაჭერით წვრილ ჩხირებად.
ვაშლს შეასხურეთ ლიმონის წვენი, რათა არ გამუქდეს.
მაღალ ფუჟერში ჩაალაგეთ ფენებად კიტრი, სტაფილო, ვაშლი და კრევეტები. ფენებს შორის შეგიძლიათ დაუმატოთ თითო ჩაის კოვზი მაიონეზი (მორევის გარეშე). სალათს ზემოდან დაასხით მაოინეზი, მორთეთ მთლიანი კრევეტით, მწვანილის ერთი–ორი ღერით და ლიმონის ან ფორთოხლის რგოლით.
კომბინირებული ცივი საუზმე
აუცილებელი პროდუქტები: პური, პაშტეტი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, გამდნარი ყველი, მაგარი, გახეხილი ყველი, ნაღები, წითელი წიწაკა, ბრენდი, ქოქოსის ფხვნილი.
მომზადების დრო: 30 წუთი + გაცივება
ხვეულები პაშტეტით
დაჭერით თეთრი პური სიგრძეზე თხელ ფენებად. მოაშორეთ ქერქი და დააწყვეთ იგი ნესტიან პერგამენტის ქაღალდზე. წაუსვით პაშტეტის თხელი ფენა ყოველ ნაჭერს, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა. დაახვიეთ ნაჭრები რულეტივით. შეახვიეთ ცელოფანში და შედეთ მაცივარში ერთი–ორი საათით. სუფრაზე მიტანის წინ დაჭერით თხელ რგოლებად.
გამოიყენეთ ჭვავისა და ხორბლის პური და სხვადასხვა გემოს მქონე პაშტეტი.
ყველის ბურთულები
აურიეთ ერთმანეთში მსგავსი პროპორციებით გამდნარი და დაფხვნილი ყველი. დაუმატეთ ცოტაოდენი ნაღები ან არაჟანი, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. დაუმატეთ წითელი წიწაკა(ტკბილი) და ბრენდი გემოვნებით. ცოტა გააციეთ. გააკეთეთ ბურთულები და ამოავლეთ ისინი ქოქოსის ფხვნილში და ოხრახუშში. სუფრაზე მიტანამდე შეინახეთ მაცივარში.
შემწვარი იხვი შტოშით
აუცილებელი პროდუქტები: იხვი – 1 ცალი. მარილი, ბეკონი – 100 გრამი, ნაღების კარაქი – 50 გრ, თავიანი ხახვი – 50 გრ, მჟავე ვაშლი – 2 ცალი, პომიდორი – 2 ცალი, მიხაკი – 4 ცალი, შავი პილპილი – 6 მარცვალი, დაფნის ფოთოლი – 1 ცალი, წითელი ღვინო – 100 გრ, ხორბლის ფქვილი – 30 გრ, ახალი ან გაყინული შტოში – 2 ს.კ., ლიმონი – 1 ცალი.
პორციების რაოდენობა: 6. მომზადების დრო: 1 საათი და 30 წუთი.
იხვს წაუსვით მარილი შიგნიდან და გარედან.
სოუსისათვის გაადნეთ წვრილად დაჭრილი ბეკონი, დაუმატეთ კარაქი და შეწვით წვრილად დაჭრილი ხახვი. დაასხით ცოტაოდენი წყალი, დაუმატეთ კანგაცლილი, დაჭრილი ვაშლი და პომიდორი, სუნელები, ღვინო.
დადეთ იხვი სოუსიან ტაფაზე და შედგით ღუმელში, დაახურეთ თავსაფარი. როცა იხვი თითქმის დარბილდება, მოხადეთ თავსაფარი და შებრაწეთ ფრინველი.
გამზადებული იხვი გამოიღეთ, დაყავით პორციებად, სოუსში ჩაამატეთ ოდნავ მოხალული და წყალში გაზავებული ფქვილი და წამოადუღეთ ნელ ცეცხლზე. გაფილტრეთ, დაუმატეთ შტოში, შეაცხელეთ და ისევ ჩაუშვით მასში იხვი, მოთუშეთ 5–7 წუთი. სუფრაზე მიტანის წინ კერძის ყოველ პორციას დაუმატეთ ლიმნის ნაჭერი.
ტორტი "ჩიტის რძე"
აუცილებელი პროდუქტები: კვერცხი ბისკვიტისა და სუფლესათვის – 4 და 3(ცილა) ცალი, შაქარი ბისკვიტისა და სუფლესათვის – 40 გრ და 180 გრ, კაკაოს ფხვნილი – 5 გრ, ხორბლის ფქვილი – 50 გრ. ან სახამებელი – 60 გრ, კარაქი კრემისათვის – 300 გრ. შედედებული რძე შაქართან ერთად – 150 გრ, ვანილი, კონიაკი – ½ ჩ.კ, წყალი სიროფისათვის(სუფლე) და ჟელატინის დასასველებლად – 50 გრ. და 150 გრ, ჟელატინი – 15 გრ.
მომზადების დრო: 1 საათი + გაცივება
ბისკვიტისათვის კვერცხს და შაქარს ერთად თქვეფენ თავდაპირველი მასის 2–3 ჯერ მომატებამდე. ამის შემდეგ ამატებენ ხორბლის ან კარტოფილის ფქვილს, რომელსაც შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა კაკაო და სწრაფად შეაზილოთ ცომს.
ბისკვიტი გამოაცხვეთ კარაქწასმულ ფორმაში. მიღებული მასა უნდა ფარავდეს ფორმის ნახევარს. გამოცხობის ტემპერატურა – 220 გრადუსი, დრო – 20–25 წუთი(მომზადებული ბისკვიტი ხელის დაჭერისას ზამბარისებური უნდა იყოს). გააციეთ და დაჭერით 2–3 ფენად.
კრემისათვის ათქვიფეთ კარაქი, იგი ჰაეროვანი უნდა გახდეს. ნელ–ნელა დაუმატეთ შესქელებული რძე, ბოლოს – კონიაკი და ვანილი.
მოამზადეთ სუფლე. ოდნავ გააციეთ, დაუმატეთ იგი კრემის ¼ –ს და ფრთხილად მოურიეთ.
ბისკვიტის ნაჭრები შეართეთ დარჩენილი კრემით, ჩადეთ ფორმაში, ზემოდან მოასხით სუფლე, ზედაპირი მოასწორეთ და გააციეთ სანამ სუფლე გამაგრდება.
მიღებული ტორტი გაათავისუფლეთ ფორმისაგან, ნაპირებზე შემოაჭერით სუფლე და ზედაპირი და გვერდები მორთეთ 100 გრამი ორთქლზე გამდნარი შოკოლადით.
No comments:
Post a Comment